ნავალნის მოწამვლა

პოლონეთი ნავალნის მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს

CNN

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარჩინ ფჟიდაჩის თქმით, ალექსეი ნავალნის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან შემაწუხებელია და საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.

"პოლონეთის პოზიცია ცალსახაა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა და დამნაშავეების დასჯა აუცილებელია. მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას." - თქვა მან.

დღეს, 2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით არის მოწამლული. 

მათივე ცნობით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა„ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები