ევროპული საქართველო

აბესაძე კალაძეზე: საოცარია, რომ ურეიტინგო სახელისუფლებო პარტია მუქარისთვის იცლის

ირაკლი აბესაძე
პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ირაკლი აბესაძე საარჩევნო პლაკატების შესახებ თბილისის მერის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ სახელისუფლებო ორგანოები, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების სამსახურში იყვნენ, პარტიულ დავალებებს ასრულებენ და პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებულები. 

კახა კალაძემ დღეს, 2 სექტემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტებმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა. თბილისის მერი ამბობს, რომ მათ არ სურთ პლაკატების გაკვრისთვის პოლიტიკური პარტიები დააჯარიმონ, მაგრამ "თუ პარტიები პლაკატებს სხვა ადგილას გააკრავენ, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს". 

ირაკლი აბესაძის შეფასებით, საოცარია, რომ ათასი პრობლემის პირისპირ მყოფი და აბსოლუტურად ურეიტინგო სახელისუფლებო პარტია ფლანგავს დროს და იცლის იმისთვის, რომ დევნოს პლაკატები და კვლავ გააჟღეროს მუქარები პოლიტიკური ოპონენტების დაჯარიმების შესახებ. 

"ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ როგორ გაიფლანგა ადმინისტრაციული რესურსი, როდესაც საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, მერიის წარმომადგენლები კონსტიტუციის უხეში დარღვევით და მხოლოდ პარტიული ამოცანის შესრულების მიზნით დასდევდნენ ევროპული საქართველოს აქტივისტებს და აჯარიმებდნენ". – ამბობს ირაკლი აბესაძე. 

დეპუტატის თქმით, სწორედ ეს არის ის, რისი შეცვლაც სურს ევროპულ საქართველოს ევროპული კოალიციის ფარგლებში, არჩევნების დასრულებისთანავე. 

"პოლიცია, სახელმწიფო და მერიის ადმინისტრაცია უნდა იყოს საზოგადოების სამსახურში და უნდა ზრუნავდეს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას და არ უნდა იყოს დაკავებული პარტიული დავალებების შესრულებით, პარტიული დევნითა და პოლიტიკური ოპონენტების აქტივისტების დაჭერით". – თქვა ირაკლი აბესაძემ. 

კომენტარები