გიგა ბოკერია

ბოკერია: გვჭირდება დაბალი გადასახადები, ხალხისთვის ქონების დაბრუნება, თვითმმართველობა

ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხს საკუთრებაში დავუბრუნოთ ის ქონება, მიწა, სახნავ-სათესი, ტყე, რომელიც დღეს არის ბიუროკრატების ხელში და უპატრონოდ არის მიგდებული. ყველაფერი ეს, ყველა ის საწარმო, რომელიც ჩვენ ხარჯზე წამგებიანია და საიდანაც ფულს და სისხლს წოვენ ბიუროკრატები, უნდა იყოს ხალხის კერძო საკუთრებაში. როცა ქვეყანას პატრონი ჰყავს, როცა გადასახადები დაბალია, როცა მოდის უცხოური ინვესტიციები, მაშინ იქმნება სამუშაო ადგილები და ეს არის ჩვენი გეგმა. ეს არის კომპასი, რომლითაც ვივლით წინ, ეს არის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც მოვახდენთ ჩვენი ქვეყნისთვის.

მაგრამ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამასობაში არიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც დღეს და ხვალ ვერ გამოვლენ სიღარიბიდან. სანამ ქვეყანა ფეხზე დგება, ჩვენ უნდა გამოვნახოთ სახსრები და გამონახული გვაქვს ჩვენ გეგმაში რომ ამ ხალხს გავუორმაგოთ პენსიაც და დახმარებაც და ეს არ არის ზოგადი სადღეგრძელო. ჩვენ დავითვალეთ სად იფლანგება ჩვენი საერთო ფული. 2 მილიარდი ლარი, მინიმუმ, იფლანგება. ეს ფული უნდა მივმართოთ იმაზე, რომ ვისაც უჭირს, იმას ხელი გავუმართოთ და კონკრეტული დაპირება კი არა, გეგმა გვაქვს. ორჯერ გაზრდა პენსიის, ორჯერ გაზრდა დახმარების. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილება, რაც უნდა მოვახდინოთ.

და სულ ბოლოს, ჩვენ ვართ ახლა ფოთში და ძალიან მიხარია, რომ ჩემი გუნდის ლიდერები და თქვენ ყველანი მათი ლიდერები ხართ და აქ ხართ. აქ, როგორც არსად, ჩანს, თუ როგორი პრობლემაა, როცა ყველაფერი წყდება თბილისში. როცა ყველა მოხელე იყურება თბილისისკენ, არა თუ ივანიშვილისკენ. თვითმმართველობა ვერ იქნება რეალური თუ ჩვენ ეს ფული არ დავტოვეთ ადგილზე. ჩვენ გვჭირდება დაბალი გადასახადები, საკუთრებაში ხალხისთვის ქონების დაბრუნება, გაჭირვებულების დახმარება და თვითმმართველობა, სადაც ხალხი თვითონ წყვეტს თავის ბედს. და დიახ, თქვენთან ერთად ჩვენ განვახორციელებთ ამ გარდამტეხ ცვლილებებს და ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით კომპასი ამ ქვეყნის, რომ სწორ გზაზე ვიაროთ და ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ, ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე.

კომენტარები