თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ლომჯარია: პროკურატურა სახალხო დამცველს სრულ დაშვებას აძლევს ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის განცხადებით, ის მზადაა ჩაერთოს საქმის შესწავლის პროცესში და
ოჯახის ადვოკატთან ერთად გაეცნოს სისხლის სამართლის მასალებს, სახალხო დამცველი
ასევე გეგმავს შეხვდეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და პირადად მისგან
მოისმინოს საქმესთან არსებულ კითხვებზე პასუხები.

"პროკურატურა სახალხო დამცველს აძლევს სრულ დაშვებას საქმის მასალებზე, ამ
გარემოების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია პირადი შეხვედრა გენერალურ
პროკურორთან, რადგან დაზარალებული მხარის განცხადების სწორედ ირაკლი
შოთაძისგან მიიღეს გარკვეული დაპირებები გამოძიებასთან დაკავშირებით". – თქვა
ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს, პირველ სექტემბერს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის
ოჯახს და ადვოკატს შეხვდა.

სახალხო დამცველის განმარტებით ამ ეტაპზე არაერთი კითხვა ჩნდება საქმის მასალებთან
დაკავშირებით, აპარატის ჩართულობის მიზანია დადგინდეს არის თუ არა გამოძიება
ყოველმხრივი, კრიტიკული და ობიექტური.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის საბურავებს დათვალიერების შედეგად ავტომანქანის ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, სიცრუეა ის ვერსია, თითქოს გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანა თეთრიწყაროს ტყეში 5 დღის განმავლობაში იდგა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები