რუსეთსა და ჩინეთში შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინები ჩვეულებრივი გაციების ვირუსზეა დაფუძნებული, რომლის იმუნიტეტი მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს, რაც ექსპერტების აზრით, ვაქცინის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
CanSino Biologics-ის ვაქცინა, რომელის გამოყენებაც ჩინეთში სამხედროებისთვის დაამტკიცეს, ადენოვირუს ტიპ-5-ზეა (Ad5) დაფუძნებული. კომპანია ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინის დამტკიცებაზე მუშაობს. ვაქცინის აქტიური ტესტირების ეტაპი ჯერ დამთავრებული არ არის.
მოსკოვის Gamaleya-ს ინსტიტუტის ვაქცინა ორ ადენოვირუსზეა დაფუძნებული, ფართოდ გავრცელებულ Ad5-სა და უფრო ნაკლებად გავრცელებულ Ad26-ზე. მიუხედავად ვაქცინის შეზღუდული რაოდენობით ტესტირებისა, ის რუსეთში გამოყენებისთვის დამტკიცდა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ვაქცინების მკვლევარის, ანა დუბრინის განცხადებით, Ad5-ზე დაფუძნებული ვაქცინის გამოყენება დამაფიქრებელია, ვინაიდან ბევრს ამ ვირუსის იმუნიტეტი უკვე აქვს გამომუშავებული. დუბრინი თვლის, რომ სავარაუდოდ ვაქცინა 40%-ით იქნება ეფექტური.
Gamaleya-ს ინსტიტუტი თვლის, რომ ორ ვირუსზე ვაქცინის დაფუძნება იმუნიტეტის არსებობის პრობლემას გადაჭრის.
წლებია Ad5-ზე დაფუძნებული ვაქცინები სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ ექსპერიმენტულად გამოიყენება, თუმცა ფართოდ გავრცელებული არც ერთი არაა. ამ ვაქცინებში უწყინარი ვირუსები "ვექტორების" ფუნქციას ასრულებენ, რომლებიც სამიზნე ვირუსი (ამ შემთხვევაში ახალ კორონავირუსს) ადამიანის უჯრედში გადაჰყავთ, რაც იმუნურ რეაქციას იწვევს და ადამიანის ორგანიზმი სამიზნე ვირუსს უტევს.
თუმცა, ბევრს უკვე აქვს Ad5-ი ვირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულები, რამაც შესაძლოა იმუნური სისტემა აიძულოს ახალი კორონავირუსის ნაცვლად ვაქცინის ვექტორებს შეუტიოს, რაც ვაქცინას ნაკლებად ეფექტურს გახდის.
რამდენიმე სხვა კვლევითმა ცენტრმა ვაქცინის შემუშავებისთვის სხვა ადენოვირუსი გამოიყენა. ოქსფორდის უნივერსიტეტი და AstraZeneca თავიანთ ვაქცინას შიმპანზეს ადენოვირუსზე ამყარებენ, რაც Ad5-თან დაკავშირებულ პრობლემებს აქრობს. Jonson & Joson's-ის ვაქცინა კი უფრო ნაკლებად გავრცელებულ და ადენოვირუსის შტამს Ad26-ს ეფუძნება.
კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის დოქტორი, ჭოუ სინგი 2011 წელს CanSino-სთან ერთად Ad5-ზე დაფუძნებულ ტუბერკულოზის ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა. მისი გუნდი ახალ Ad5-ზე დაფუძნებული COVID-19-ის არაინექციური, შესასუნთქი ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. ჭოუ სინგის სამუშაო თეორიის თანახმად, ვაქცინის ასეთი ფორმა გვერდს აუვლის იმუნიტეტის არსებობის პრობლემას. სინგის თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ CanSino-ს ვაქცინაში Ad5-ის ვექტორების დიდმა დოზამ, შესაძლოა, სიცხე გამოიწვიოს, რაც ვაქცინის მიმართ უნდობლობას გაზრდის.
"ჩემი აზრით, კარგი იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინის ანტისხეულები არ აქვს, თუმცა ბევრ ადამიანს აქვს [ეს ანტისხეულები]". – ამბობს ფლადელფიაში ვისტარ ინსტიტუტის ვაქცინების ცენტრის დირექტორი, დოქტორი ჰილდეგუნდ ერტლი.
ჩინეთსა და აშშ-ში მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს, ხოლო აფრიკაში 80%-ს Ad5-ის ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
Gamaleya-ს ვაქცინის ადმინისტრირება ორ ეტაპად ხდება, პირველ ეტაპზე ორგანიზმში შეჰყავთ ვაქცინის დოზა რომელიც უფრო ნაკლებ გავრცელებულ ვირუსის შტამზე, Ad26-ზეა დაფუძნებული, ხოლო მეორე დოზა ფართოდ გავრცელებულ Ad5-ზეა დაფუძნებული. Gamaleya-ს დირექტორის ალექსანდრ გინსბურგის განცხადებით, ეს მეთოდი იმუნიტეტის არსებობის პრობლემას გადაჭრის.
მას შემდეგ რაც რუსეთის ხელისუფლებამ ფართო და აქტიური ტესტირების გარეშე გადაწყვიტა ოქტომბერში გაეკეთებინა ვაქცინა მარალი რისკის ჯგუფებისთვის, ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად განეწყო რუსული ვაქცინის მიმართ.
აგვისტოში RBK ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი, 52%, კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა. ექიმების ნაწილმა უნდობლობის მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა, რაც მის ეფექტურობას დაადასტურებდა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვაქცინა ზედმეტად სწრაფად დაამზადეს.
ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა, თუმცა რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია.
Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.
მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზეა.