კორონავირუსი ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულია 2 თანამშრომელი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 31 აგვისტოს თქვა, კორონავირუსით ჯამში "ოცნების" სათაო ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტია ინფიცირებული.
ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს კორონავირუსი 30 აგვისტოს დაუდასტურდა. COVID-19 დაუდასტურდა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრსაც. არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი PCR ტესტირების პასუხი უარყოფითია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 487 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 240 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.





