ავარია შატილის გზაზე

რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე: მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, შატილის გზაზე დაშავებული სამი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რატიანის თქმით, პაციენტები კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან, თუმცა მათი მდგომარეობა დადებითი დინამიკისაა.

"შატილის გზაზე დაშავებული პირების მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი კლინიკით, პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. ამ ეტაპზე ჰემოდინამიკა სამივე პაციენტთან აღდგენილია, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს, რაც შეეხება მესამე ქალს, მას გუშინ ჩაუტარდა სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია, მისი მდგომაროება ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მართალია ძალიან გრძელი გზა ექნებათ გამოჯანმრთელების გასავლელი, მაგრამ იმედია, რომ მათთან ერთად გადავლახავთ ამას". –  ამბობს ლევან რატიანი.

25 აგვისტოს, ლევან რატიანმა თქვა, რომ სამივე დაშავებულ პაციენტს გაუჩნდა სიცოცხლის ნიშნები - გუგის რეფლექსი.  

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3. 

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები