პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, შატილის გზაზე დაშავებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილური რჩება.
"ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და გამოკვლევა. კლინიკურად, სამივესთან იდენტური დიაგნოზი დაისვა - ეს არის პოლიტრავმის შედეგად განვითარებულ ტრავმულ-გემორაგიული შოკი, ძილიანობა, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. ორ პაციენტთან ინტერვენციული ოპერაცია ჩატარდა - ლიკვიდირებულ იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება.
ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილური რჩება. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპამდე არცერთთან არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. ვიმედოვნებ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ გზაზე, რაც გამოჯანმრთელებამდე უნდა გაიარონ, არავითარი პრობლემა არ შეექმნათ." - ამბობს ლევან რატიანი.
გუშინ, 25 აგვისტოს, ლევან რატიანმა თქვა, რომ სამივე დაშავებულ პაციენტთან სიცოცხლის ნიშნები - გუგის რეფლექსი გაჩნდა.
დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.