კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 11 შემთხვევა შემოტანილია

STR/AFP via Getty Images

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, 31 აგვისტოს საქართველოში დადასტურებული Covid-19-ის 18 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 

როგორც მარინა ეზუგბაიამ ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა, ახალი კორონავირუსის შემთხვევებიდან 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 11 კი შემოტანილი შემთხვევაა. 

"ამ 11-დან ორი სატვირთოს მძღოლი გახლავთ". – თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებითვე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 83-ია. 

31 აგვისტოს მონაცემებით, Covid-ცენტრებში 220 პაციენტი მკურნალობს. მათგან რეანიმაციასა და ინტენსიური განყოფილებაში 24 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 21-ის კი – მძიმე. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 487 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 240 გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები