თურქეთი

თურქი ადვოკატი შიმშილობის გამოცხადებიდან 238-ე დღეს გარდაიცვალა

En Son Haber

თურქი ადვოკატი, ებრუ თიმთიქი, შიმშილობის გამოცხადებიდან 238-ე დღეს, 27 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის სამართლიან სასამართლო პროცესს მოითხოვდა. 

ის და კიდევ ერთი ადვოკატი, აითაქ იუნსალი, 30 ივლისს იძულებით გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც სასამართლომ უარი განაცხადა მათ გათავისუფლებაზე მიუხედავად იმისა, რომ ფორენსიქის სამედიცინო ინსტიტუტის ცნობით, ისინი ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ მათი ციხეში ყოფნა აღარ შეიძლებოდა. 

ბოლო დროს, თიმთიქის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ მას მხოლოდ შპრიცით შეეძლო წყლის დალევა. 

პროგრესული ადვოკატების ასოციაციის (ÇHD) სასამართლო პროცესის დროს, 2019 წლის მარტში, თიმთიქს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს "ტერორიზმთან დაკავშირებული" დანაშაულისთვის. ეს ბრალდება მოწმის განცხადების საფუძველზე გამოუტანეს, თუმცა, მოწმემ მოგვიანებით თქვა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო, ჩვენება არ უნდა გაეთვალისწინებინათ.

თიმთიქთან ერთად ასოციაციის კიდევ 18 ადვოკატს მიუსაჯეს პატიმრობა, ჯამში – 159 წელი. 

2019 წლის ოქტომბერში სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი გასაჩივრების განხილვის გარეშე გამოიტანა. 

ამის შემდეგ, კი თიმთქიმა 2 იანვარს, ხოლო იუნსალმა 2 თებერვალს შიმშილობა დაიწყეს. იუნსალი კიდევ აგრძელებს შიმშილობას.

სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატები და უფლებადამცველები თვეების განმავლობაში თურქ მაღალჩინოსნებს მოუწოდებდნენ, დაეკმაყოფილებინათ ადვოკატების მოთხოვნა. 

კომენტარები