არჩევნები 2020

დეკანოიძე: თუ გავიმარჯვებთ სრულიად ლოგიკურია სააკაშვილის პრემიერად დასახელება

მთავარი არხი/screenshot

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში სრულიად ლოგიკურია მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრად დასახელება.

დეკანოიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია მთავარის ეთერში ისაუბრა - მას ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა სააკაშვილი ენმ-ის პრემიერმინისტრობის კანდიდატი.

"ნებისმიერი პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მათ შორის მძლავრი პარტია ისეთი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა, ამ პარტიისა და ყველა პარტიის სურვილი, მისწრაფება და რწმენა არის გამარჯვება და ჩვენი რწმენა ასეთია.

ამიტომ ასეთ პარტიას, რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლება, როგორ ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას და როგორ წარმოგვიდგენია ამ ბრძოლაში შესვლა, ამიტომ, სრულიად ლოგიკურია და ამაში ვერავინ ვერ შემოგვედავება, არც ერთი არგუმენტი არ ექნება ჩვენს საწინააღმდეგოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს დასახელებული როგორც საქართველოს პრემიერმინისტრი ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში." – უპასუხა დეკანოიძემ.

7 აგვისტოს ტაბულამ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

თავად სააკაშვილმა 3 აგვისტოს მისთვის დასმულ ამ კითხვას უპასუხა, რომ "საქართველოს მთავრობას და პრემიერს დანიშნავს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება რაც იქნება, ყველა დავემორჩილებით." 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. 

კომენტარები