ბელარუსი

სვეტლანა ალექსიევიჩი: გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი ვთქვი

TASS

ნობელიატი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის გარდამავალი საბჭოს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. დაკითხვაზე ალექსიევიჩი 26 აგვისტოს მივიდა და შენობა 15 წუთში დატოვა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ გამოძიების კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

"მე მშვიდად ვარ. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ კანონიერი და აუცილებელია". – თქვა მან დაკითხვაზე შესვლამდე.

დაკითხვის დასრულების შემდეგ კი ალექსიევიჩმა აღნიშნა, რომ გარდამავალი საბჭოს ერთადერთი მიზანი საზოგადოების გაერთიანებაა.

საბჭოს კიდევ ერთი წევრის, კულტურის ყოფილი მინისტრის, პაველ ლატუშკოს დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც საგამოძიებო კომიტეტთან განხილული საკითხების გასაჯაროება ეკრძალება.

საბჭოს კიდევ ორი წევრი, სვეტალანა ტიხანოვსკაიას ნდობით აღჭურვილი პირი, ოლღა კოლავკოვა და მინსკის ტრაქტორების ქარხნის შტატის კომიტეტის წარმომადგენელი, სერგეი დილევსკი დააკავეს და უკანონო შეკრებების მოწყობის ბრალდებით 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გარდამავალი საბჭოს წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს, იმ ქმედებებისკენ მოწოდებას, რომლებიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ. 361-ე მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოიცავს. პროკურატურის განცხადებით, საბჭოს მიზანია ძალაუფლების მიტაცება და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას და არღვევს ბელარუსის კონსტიტუციას.

საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეთა საბჭოში სულ ოპოზიციის 7 წევრია. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, მათ არ აქვთ პრეტენზია ქვეყნის მართვის უფლებამოსილებაზე და გეგმავენ ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრის გზებს. საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ისინი ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ძალადობის შეწყვეტასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლეს.

კომენტარები