ნავალნის მოწამვლა

საფრანგეთი ნავალნის საქმეზე: რუსეთის ხელისუფლებას გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოვუწოდებთ

French Ministry of Foreign Affairs

25 აგვისტოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსმა მაღალჩინოსნებმა ჩაატარონ სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება, რათა დადგინდეს გარემოებები, რაშიც ეს ქმედება ჩაიდინეს." – აცხადებს სამინისტრო.

გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა ნავალნის ყველა საჭირო დახმარება შესთავაზოს, მათ შორის, თავშესაფარი.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité​-ში მკურნალობს. გერმანელი ექიმების თქმით, ნავალნი მოწამლულია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით.

"კლინიკური კვლევები ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით ინტოქსიკაციაზე მიანიშნებს. ზუსტი ნივთიერება ჯერჯერობით დაუდგენელია. დაწყებულია ფართო ანალიზი. საწამლავის ეფექტი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ რამოდენიმეჯერ ჩატარებულ კვლევებში დადასტურდა". – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ, შესაძლოა, ამ მომწამლავმა ნივთიერებამ ნავალნის ნერვულ სისტემაზე გავლენა მოახდინოს.

ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ქიმიურ ნივთიერებებს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, როგორიც ალცჰაიმერია. მაგრამ, როდესაც ის ნერვულ აგენტში ან პესტიციდებში გამოიყენება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ხდება. ქოლინესტერაზის ინჰიბიტორი ბლოკავს ენზიმას, რომელიც ნერვულ სისტემასა და კუნთებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას არეგულირებს, რაც სპაზმებს იწვევს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლის საქმეზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს, დაყოვნების გარეშე.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა გამოიძიოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს.

მერკელის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნავალნის საავადმყოფოში დაცვა დაუნიშნეს. რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია და ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება. გერმანელი ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

25 აგვისტოს პუტინის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, გერმანულ კლინიკას საბოლოოდ არ დაუდგენია ნავალნის ავადმყოფობის გამომწვევი ნივთიერება და ამ დროისთვის ვერ ხედავენ საჭიროებას, გამოიძიონ ალექსეი ნავალნის დაავადების გარემოებები. მისივე თქმით, გაურკვეველია, თუ რატომ "ჩქარობენ" გერმანელი ექიმები სიტყვა მოწამვლის გამოყენებას. 

ნავალნი სამკურნალოდ ომსკიდან გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. ეჭვობდნენ, რომ ის კომაში მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჩაის დალევის შემდეგ ჩავარდა. 21 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის გადაყვანაზე უარს ამბობდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა და ფრენას შეძლებს. ნავალნისთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა მისი ცოლი იულია.

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ თქვა, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს და კომაში ჩავარდნა, სავარაუდოდ, სისხლში შაქრის დაბალი დონის გამო ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ გამოიწვია. ნავალნის ცოლი კი აცხადებს, რომ საგზაო პოლიციამ იპოვა ნივთიერება, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". – ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მოხვდა. ის ციმბირიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები