ვისო მუთოშვილის საქმე

ვისო მუთოშვილის მკვლელობისთვის არბი ქავთარაშვილს და რამაზ ხანგოშვილს პატიმრობა მიუსაჯეს

მთის ამბები

თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში 2019 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

კერძოდ, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 37 წლის ვისო მუთიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულები, არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი განზრახ მკვლელობის საქმეში დამნაშავეებად ცნო და ქავთარაშვილს 11 წლით, ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვისო მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს პანკისის სოფელ დუისში მოკლეს.

სასამართლოს განაჩენის მოსმენამდე 27 წლის არბი ქავთარაშვილმა პროცესზე თქვა, რომ მუთიშვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და წუხს, რომ მის ტყვიას ადამიანი ემსხვერპლა. მისი განცხადებით, კარგი მსროლელია და დაღუპულის მოკვლა რომ ნდომოდა, თავში ან გულში ესროდა. ფეხში კი მის გასაჩერებლად ესროლა.

„მე იარაღი ორჯერ მაშინ ვისროლე, როდესაც ვისო მუთოშვილი იგინებოდა, იმუქრებოდა, ჩვენკენ მოიწევდა და პოლიციელს ეჯაჯგურებოდა. იძახდა, რომ დაგვხოცავდა და როდესაც უკან მიჰქონდა ხელი, ვიფიქრე, რომ იარაღის ამოღებას აპირებდა. მე მივუახლოვდი და ახლო მანძილიდან ვესროლე. ერთხელ შესაშინებლად და საჩვენებლად, რომ მქონდა იარაღში ტყვიები. ის მაინც არ გაჩერდა. გასაჩერებლად გადავწყვიტე, რომ მეორედაც მესროლა. ფეხის მიმართულებით, ზემოდან ქვემოთ. მინდოდა მისი დაჭრა და დაზიანების მიყენება. ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ ჭრილობას მოჰყვებოდა მისი გარდაცვალება.

მეორე სროლის შემდეგ, როცა დავინახე, რომ ის დაიჭრა, არც მქონია მცდელობა, რომ კიდევ მესროლა. არ ვიცოდი, კიდევ იყო თუ არა ტყვია. იქ იყვნენ პოლიციელები და სხვა პირები. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი გადარჩენა არ იქნებოდა პრობლემა.

მე კარგი მსროლელი ვარ და თავისუფლად შემეძლო, მისთვის გულში ანდა თავში მესროლა, თან, ასეთი ახლო მანძილიდან ნამდვილად არ ავაცილებდი. მისი მოკვლა თუ მენდომებოდა, პირველივეს თავში ვესროდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა ჩემს ტყვიას. ძალიან განვიცდი და ვიტანჯები ამის გამო, თუმცა, არ მინდა მკვლელის სახელი მქონდეს და დავისაჯო იმისთვის, რისი განზრახვა და სურვილიც არ მქონია. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო გამომიტანს სამართლიან განაჩენს." – თქვა არბი ქავთარაშვილმა პროცესზე.

მსჯავრდადებულების ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია, ამიტომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

კომენტარები