ალექსეი ნავალნი

ნავალნის სპიკერი: გერმანელი ექიმები ადასტურებენ, რომ ნავალნი მოწამლულია

Reuters

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში, წერს, რომ გერმანელი ექიმების თქმით, ნავალნი მოწამლულია: 

"გერმანული კლინიკის Charité​-ს ექიმები ადასტურებენ, რომ ნავალნი მოწამლულია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით. ალექსეის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის კვლავ კომაშია. პროგნოზები ჯერ არ არის".

მისივე თქმით, ომსკის ექიმების და რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტების განცხადებების მიუხედავად, მათ თავიდანვე თქვეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო - "ახლა ჩვენი სიტყვები დადასტურდა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში ჩატარებული ანალიზებით. ნავალნის მოწამვლა ჰიპოთეზა აღარაა, ფაქტია".

გერმანულ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ნავალნი კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და კომაშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამჟამად მისი სიცოცხლისთვის მწვავე საფრთხე არ დგას. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ ომსკიდან გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. ეჭვობდნენ, რომ ის კომაში მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჩაის დალევის შემდეგ ჩავარდა. 21 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის გადაყვანაზე უარს ამბობდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა.

მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა და ფრენას შეძლებს. ნავალნისთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა მისი ცოლი იულია.

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ თქვა, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს და კომაში ჩავარდნა, სავარაუდოდ, სისხლში შაქრის დაბალი დონის გამო ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ გამოიწვია.

ნავალნის ცოლი კი აცხადებს, რომ საგზაო პოლიციამ იპოვა ნივთიერება, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". - ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნავალნი მკურნალობას ბერლინში, კლინიკა Charité-ში აგრძელებს. მის გადასაყვანად თვითმფრინავი გაგზავნა ორგანიზაცია Cinema for Peace Foundation-მა, რომელმაც ამავე მიზნით 2018 წელს ამავე კლინიკაში გადაიყვანა Pussy Riot-ის წევრი პიოტრ ვერზილოვი.

ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები