ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: სიცრუეა, თავის მართლების უსუსური მცდელობა

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ჯანდაცვის სამინისტროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამინისტრომ მასმედიაში გაავრცელა წერილი, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს ა.წ. თებერვალში მიღებული ჰქონდა კლინიკაში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების ნებართვა. 

როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, მსგავსი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მხოლოდ  21 აგვისტოს, პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ მიიღო. 

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებისგან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურისგან არავითარი, ვიმეორებ, არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით". - წერია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ცერცვაძის თქმით, სიცრუეა, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციისა და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე. მისივე თქმით, ბოლო ორი თვის მანძილზე ცენტრმა სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მიმართა, მათ შორის გრიფით „SOS“ და „სასწრაფოდ“. 

"არადა ჯანდაცვის სამინისტროს სულ იოლად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც, სამინისტროს აღჭურვისა და რეაბილიტაციის პროგრამიდან ან COVID-19-ის ფონდიდან, ან ბოლოს და ბოლოს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე გატანის გზით". - წერია განცხადებაში. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, პროგრამიდან „გაუფრთხილებლად“ გასვლის გამო ცენტრს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ისინი პროგრამიდან კი არ გადიან, არამედ იძულებული არიან, პაციენტების მიღება შეაჩერონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, კლინიკამ 20 აგვისტოს ახალი კორონავირუსითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არარსებობას ასახელებს.

კომენტარები