თენგიზ ცერცვაძე: პაციენტი რომ დაღუპულიყო, ალბათ, ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ 

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დიმიტრი ხუნდაძის სიტყვებს პასუხობს, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ 20 აგვისტოდან COVID 19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება არ არის. ცერცვაძის თქმით, ცენტრი იძულებულია, დროებით შეაჩეროს პაციენტების მიღება მინიმალურად აუცილებელი პირობების არარსებობის გამო. მისივე თქმით,რესურსების არარსებობის გამო პაციენტის დაღუპვის პასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებები ისევ ცენტრს დააკისრებენ და აღნიშნავს, რომ "ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერენ".

"ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.

COVID 19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის არმიწოდების გამო რომ დაღუპულიყო (რაც ძალიან რეალურია) ან ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID 19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მომხდარიყო (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტისთვის დენს დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ.

ჩვენ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, გავაკეთეთ იმისთვის, რათა ცენტრში შესაბამისი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარებულიყო, მათ შორის მრავალგზის მივმართეთ შესაბამისი თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სააქციო საზოგადოებაა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სტრუქტურების ნებართვისა და დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით.

ბატონო დიმიტრი! როდესაც ბრძანებთ, რომ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ისიც გვითხრათ, რომელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ?". – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, კლინიკამ 20 აგვისტოს ახალი კორონავირუსითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არარსებობას ასახელებს.

კომენტარები