ალექსეი ნავალნი

აკუნინი: პუტინმა უნდა ილოცოს, რომ ნავალნი გადარჩეს

TASS

ქართული წარმოშობის რუსი მწერალი, ბორის აკუნინი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, სავარაუდო მოწამვლის ინფორმაციას Facebook-ზე გამოეხმაურა:

"ნოვო-ოგარიოვოს [პუტინის საპრეზიდენტო რეზიდენცია] მკვიდრმა უნდა ილოცოს, რომ ადამიანი, რომლის ხსენებისაც მას ყოველთვის ეშინოდა, გადარჩეს. თორემ მოხდება უარესი, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიას და ბორის ნემცოვის მკვლელობების შემდეგ მოხდა. გაცილებით უარესი. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, საჯაროდ თუ პირადად, როგორ შემიძლია, მხარი დავუჭირო ამ საშინელ ნავალნის, რომელიც ასეც და ისეც და, საერთოდ, ყველაფერს არასწორად აკეთებს (როგორც ვარიანტი: "დიახ, ის კრემლის პროექტია!"). მე ყოველთვის ერთნაირად ვპასუხობ: ალექსეი ნავალნი ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებს თავის ცხოვრებას თავისი რწმენის გამო. და ეს ის ცხოვრებაა, რომელშიც მას რაღაც აქვს დასაკარგი. გამაგრდი, ალექსეი!".

მოსკოვში, ნოვო-ოგარიოვოში რუსეთის პრეზიდენტი ცხოვრობს.

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ის შეუძლოდ თვითმფრინავში ყოფნის დროს გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა. ომსკის საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ ნავალნი მიიღეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

-----

შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით ხუთი ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ. ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი ელცინის პრეზიდენტობის დროს ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

პოლიტკოვსკაია ერთ-ერთი იმ ჟურნალისტთაგანია, ვინც პუტინის მმართველობის პერიოდში საეჭვო გარემოებებში მოკლეს. Новая газета-ს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. 2015 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ ჩეჩნეთის მკვიდრნი, ლომ-ალი გაიტუკაევი და რუსტამ მაჰმუდოვი მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო. სულ აღნიშნულ საქმეზე თავისუფლების აღკვეთა ხუთ პირს მიესაჯა. 2017 წლის ივნისში გაიტუკაევი ციხეში გარდაიცვალა. მკვლელობის დამკვეთის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობის არაეფექტიანი გამოძიებით, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი – სიცოცხლის უფლება.

კომენტარები