ბელარუსი

ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ

ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ნაცვლად სამუშაოდ რუსი სპეციალისტები ჩამოჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც გაფიცვაში იღებდნენ მონაწილეობას, თქვა, რომ კომპანიაში აღარ შეუშვეს და მათ ნაცვლად სამუშაოდ რუსი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ბელარუსის ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ჩამოყვანილ რუს სპეციალისტებს თითქმის 4-ჯერ მეტ ხელფასს უხდიან იმავე საქმის კეთებისთვის.

ბელარუსში მყოფი კრემლის პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ს ჟურნალისტი კონსტანტინ პრიდიბაილო ამბობს, რომ უკვე ორი კვირაა, რაც მინსკში იმყოფება, როგორც სამუშაოდ, ასევე პირადი მიზნებისთვის და ბელარუსის ტელევიზიის შენობაში სხვა რუსი ჟურნალისტები არ უნახავს. მისი თქმით, ხელმძღვანელობას უფლება აქვს გაფიცული თანამშრომლები ჩაანაცვლოს და ამისათვის ხალხი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან ჩაიყვანოს.

17 აგვისტოს ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა. დილის 9 საათისთვის კომპანიის შენობასთან ასამდე ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, რეჟისორები, ოპერატორები და სხვა თანამშრომლები, რომლებმაც გასულ კვირას გათავისუფლების შესახებ დაწერეს განცხადება. 

თავიანთ მიმართვაში ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა პრეზიდენტის არჩევნების ბათილად ცნობა, ცესკო-ს ხელმძღვანელის, ლიდია ერმოშინას გადაყენება, მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მედიის ცენზურის შეწყვეტა მოითხოვეს. ამ დროისთვის მოთხოვნას 55-მა თანამშრომელმა მოაწერა ხელი - კომპანიაში სულ 1 500-მდე ადამიანი მუშაობს. 

დილის 9 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერში გავიდა და ჩვეულ ფორმატში წაიყვანეს საინფორმაციო გამოშვება, თუმცა, მოგვიანებით, ტელეკომპანიის ეთერში მხოლოდ ცარიელი სავარძელი ჩანდა, რომელზეც წამყვანები არ ისხდნენ. 

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიაში გაფიცული თანამშრომლებიც რუსი ჟურნალისტებით ჩანაცვლების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთის ლიდერებს მოუწოდებს არ ჩაერიონ ბელარუსის საშინაო საქმეებში.

კომენტარები