საზოგადოებრივი მაუწყებელი

მარიკაშვილი: პაროდია დაცული გამოხატვაა და საავტორო უფლებებით ვერ შეზღუდავ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელეკომპანია ფორმულას იუმორისტული გადაცემის, ფსკერის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ სარჩელს ეხმაურება და წერს, რომ საჩივარი "დაუსაბუთებელი" და "აბსურდულია". 

როგორც იურისტი განმარტავს, საჩივარი იმდენად აბსურდულია, რომ ტოვებს განცდას, რომ სულერთი იყო, რას დაწერდნენ, რადგან წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი. 

"არგუმენტი აქვთ, რომ ფორმულამ საზმაუს ლოგოს და ბრენდინგის გამოყენებით მისივე გადაცემის პაროდიით საავტორო უფლებები დაარღვია. ეს არგუმენტი ძალიან სუსტია. როგორ წარმოგიდგენიათ, საზმაუს სთხოვო ნებართვა მისივე გადაცემის პაროდიაზე და ის დაგთანხმდეს?! თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ არ შეგიძლია მსგავსი პაროდიის გაკეთება. 

საავტორო უფლებები (ჯერ მისი არსებობა საერთოდ სადავოა), აზღვევს ერთი სუბიექტის მიერ მეორე სუბიექტის შექმნილი პროდუქტის ბენეფიტების გამოყენების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში სკეტჩში ლოგოს და ბრენდინგის გამოყენება საზმაუს მაყურებლის მიზიდვას და ამით რეიტინგის ზრდას კი არ ემსახურებოდა, არამედ ეს იყო საზმაუს ავტორისეული აღქმა. და, ზოგადად, პაროდია დაცულია გამოხატვით და საავტორო უფლებებით ვერ შეზღუდავ". – წერს ედუარდ მარიკაშვილი. 

GDI-ის იურისტი საჩივრის კიდევ ერთ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუთითებს, რომ სკეტჩი მაყურებლის შეცდომაში შემყვანი და ე.წ ფეიკ ნიუსია. 

"წარმოიდგინეთ, ამ არგუმენტის მიხედვით, საზმაუში ფიქრობენ, რომ ეს აბსურდული სიუჟეტი, შესაძლოა, მაყურებელმა რეალურად აღიქვას, როგორც საზმაუს პროდუქტი. სიმპტომია მათი თვითშეფასების". – წერს იურისტი. 

ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის "ფსკერამდე დასულ ნდობას" თავად კომისიამ მისი აბსურდული გადაწყვეტილებებით შეუწყო ხელი. 

"ამას ემატება ფსკერამდე დასული სასამართლო კონტროლი, როდესაც ამ აბსურდულ გადაწყვეტილებებს სასამართლო 90%-იანი სიზუსტით ძალაში ტოვებს. ამ კომპლექსურობას კი მივყავართ კიდევ ერთ ფსკერამდე, კომუნიკაციების კომისია, როგორც კონსტიტუციური ორგანო, იქცა ეთიკისა და მორალის პოლიციად და მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებლად, სამწუხაროდ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საზიანოდ". – დაწერა ედუარდ მარიკაშვილმა. 

სკეტჩი, რომლის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემას უჩივის, ეთერში 11 აგვისტოს გავიდა. ფსკერის მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანებსა და ჟურნალისტებს განასახიერებენ და ბიუჯეტიდან პირველი არხისთვის წლების განმავლობაში გაცემულ ათეულობით მილიონ ლარს წყალში გადაყრას ადარებენ.

სკეტჩში საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ეთერის ბრენდირებაა გამოყენებული, სწორედ ამ საფუძვლით დაობს პირველი არხი მარეგულირებელში შეტანილ საჩივარში. როგორც ფორმულა იუწყება, საჩივარში საზოგადოებრივი მაუწყებელი სკეტჩს "უნიჭოს" უწოდებს და წერს, რომ მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. პირველი არხი ფორმულასთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

კომენტარები