კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

ვოლკერი კომუნიკაციების სექტორში რეგულაციებზე: შესაძლოა, დააზიანოს საინვესტიციო კლიმატი

კურტ ვოლკერი
EPA

უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა BMG-სთან ინტერვიუში თქვა, რომ კომუნიკაციების სექტორში ახალ რეგულაციებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს და ახალი კანონი Caucasus Online-ს დაბრკოლებას უქმნის შექმნას ახალი ოპტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს.

"კანონი მიიღეს და ახლა ვაკვირდებით მის იმპლემენტაციას და იმას, რომ ის პოტენციურად დამაზიანებელია საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვის. ჩემი აზრით, ინვესტორები შეშფოთებით უყურებენ მოვლენების განვითარებას. ერთი ასპექტია კანონის მიღება და შემდეგ ტერტოაქტიულად მისი გავრცელება წარსულში განხორციელებულ ტრანზაქციებზე. თუ ეს მოხდება, ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი იქნება იმიტომ, რომ ინვესტიციების უსაფრთხოებაზე მოუწევთ ღელვა. მეორე ასპექტია მთავრობის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა ან კომპანიების აღმასრულებლების მოხსნა, წილების გადაბარება, მსგავსი რამ ძალიან შემაშფოთებელი იქნება უცხოელი ინვესტორებითვის ნებისმიერ სექტორში. შესაბამისად, კანონის მიღების შემდეგ, ის რაც მომავალში მოხდება, შესაძლოა, ძალიან დამაზიანებელი იყოს საქართველოზე ინვესტორების აღქმაზე". – თქვა მან.

ვოლკერს მიაჩნია, რომ პროცესი დაჩქარებულად და საჭირო მოლაპარაკებების გარეშე წარიმართა. მისი თქმით, ეს პროექტი რუსეთისაგან დამოუკიდებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს და ამიტომ საქართველოს ინტერესში შედის.

"საქართველო სულ რაღაც 12 წლის წინ თავს იცავდა რუსეთისგან და იბრძოდა ომში. ეს დრო კარგად მახსოვს, ისევე, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა, მათ შორის მოქალაქეების გაძევება, ღვინისა და წყლის ექსპორტის აკრძალვა. თუ არსებობს სისტემა, რომელიც არსებობს კიდეც და არის ერთადერთი გზა თავიდან აგვარიდოს რუსეთის და ირანის გავლით კავშირი, ჩემი აზრით, ამაზე საქართველომ უნდა იმუშაოს...

...მთავრობა არ უნდა დაეპატრონოს კომპანიებს ან შეაჩეროს ინვესტიციები, არამედ უნდა მუშაობდეს კომპანიებთან ერთად, რათა მათ საქართველოს უშიშროების საჭიროებების და მომხმარებელთა ინტერესების ფარგლებში იმუშაონ". – ამბობს ვოლკერი.

ვოლკერის განცხადებას გამოეხმაურა გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ციფრულ გზაზე იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიაში დაუშვა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოვუწოდებ პრიორიტეტი მიანიჭოს იმას, რაც საქართველოსთვის საუკეთესოა და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან". - დაწერა მან.

ივლისში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ და ავტორიზებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს.

დამტკიცებული კანონით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. მმართველი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლებით იქნება აღჭურვილი, კერძოდ:

ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. მას ოპოზიცია და ბიზნესსექტორი ეწინააღმდეგება.

რა ინტერესები დგას ამ ინიციატივის მიღმა, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები