კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

კაპანაძე სპეციალურ მმართველზე: ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტორი აღარ შემოვა

პარლამენტი

სერგი კაპანაძის შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლების მინიჭება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს – საქართველოში არ შემოვა ინვესტორი, ამასთან, მუდმივად იქნება საერთაშორისო დავები არბიტრაჟებში. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას ეს არ ადარდებს.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა თქვა, რომ მმართველ გუნდს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – დაიმორჩილოს კონკრეტული კომპანიები.

"თქვენ ახლა რასაც აკეთებთ, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ტელეკომუნიკაციების სფეროში ინვესტორი აღარ შემოვა, მარტივი მიზეზის გამო –  თქვენ ამბობთ, რომ ბატონ ბექაურს აქვს უფლებამოსილება, რომ, თუ აქ მყოფი ოპერატორის მშობელი კომპანიის მშობელი კომპანია წილებს გაყიდის და ამას ბატონ [კახა] ბექაურს არ შეატყობინებს, ამის გამო კომპანია დააჯარიმოს და შემდეგ იქ დროებითი მმართველი შეიყვანოს.

მიგაჩნიათ, რომ დიდი კომპანიები, რომლებიც ბირჟაზე არიან, ასე უნდა საქმიანობდნენ საქართველოში. ეს არის გამორიცხული. როგორც თელია სონერა წავიდა – როცა, ზოგადად, ინვესტიციები იკლებს, ამ კანონის შემდეგ მიიღებთ მხოლოდ და მხოლოდ 2 შედეგს: ინვესტორი არ შემოვა და გექნებათ უამრავი საერთაშორისო დავა საერთაშორისო არბიტრაჟებში, რომლებსაც წააგებთ.

მაგრამ თქვენ ეს კი არ გაღელვებთ, სხვა რამე გაღელვებთ: ჩაიგდებთ ხელში ბერკეტებს, რომ ის კომპანიები, რომლებიც ტელეკომუნიკაციების სექტორში არიან, ბოლომდე გყავდეთ დამორჩილებულები. მათ შორის, შეიყვანოთ დროებითი მმართველი სპეციფიკური ვალდებულებების გამო, წილების გასხვისების გამო და ა. შ. როგორც ჩანს, ეს არის თქვენი ამოცანა. სხვანაირად, შეუძლებელია აიხსნას, რატომ იყო ეს ასე სწრაფად შემოტანილი, რატომ მოითხოვეთ დაჩქარებული მოსმენა ყველანაირი განმარტების გარეშე; ასეთი პროცედურების დარღვევით, ტექსტიც კი არ გქონდათ, ისე უყარეთ კენჭი კანონპროექტს. ეს არის თქვენი პოლიტიკური ამოცანა, ოღონდ შედეგად მიიღებთ კატასტროფას ამ სექტორში, ისევე, როგორც ენერგეტიკის სფეროში". – თქვა სერგი კაპანაძემ.

კანონპროექტი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს, გულისხმობს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეეძლება, ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. მმართველი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლებით იქნება აღჭურვილი, კერძოდ:

ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

რა ინტერესები დგას კანონპროექტის მიღმა, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები