ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქვრივიშვილი: 10 აგვისტოდან სვანეთში საკარანტინო სივრცეში 1600 ადამიანი მოთავსდა

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სვანეთში 10 აგვისტოს შემდეგ კარანტინში 1600 ადამიანი მოათავსეს.

მისივე თქმით, მომდევო კვირის დასაწყისიდან ადამიანებს, ტესტირების შედეგების შესაბამისად, საკარანტინო სივრცეებიდან გაუშვებენ.

"მინდა, მადლობა გადავუხადო სვანეთის მცხოვრებლებს, სვანეთის დამსვენებლებს, ვინაიდან შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლას უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, კომფორტული გარემო შეგვექმნა თითოეული მათგანისთვის საკარანტინო სივრცეში". – თქვა მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მესტიის ყველა სოფელი გაიხსნება, გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 4 დღის განმავლობაში მესტიაში ტესტირებისას კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო იყო.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალის, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კომენტარები