არჩევნები 2020

ბოკერია: დემოკრატია ნიშნავს კამათსაც, მაგრამ არა - სიძულვილს, არა ხმების უგულებელყოფას

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია აგრძელებს მუშაობას იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის ხმების დაცვა.

დღეს, 18 აგვისტოს ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც მითითებულია, რომ 30 პარტია როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავს.

"ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, კონკრეტული იდეებიც ითქვა, მათ შორის, ცხელი ხაზის გაკეთების." – თქვა მან ლეიბორისტულ პარტიაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც გადაწყდა, რომ ოპოზიციის შეჯერებული კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იქნება, საბურთალოზე - ირაკლი ოქრუაშვილი.

ბოკერიას თქმით, დემოკრატიის არსიც სწორედ ეს არის.

"ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან და ბუნებრივია, მწვავე დისკუსიაში არიან ხოლმე ხშირად, ამავე დროს, იყვნენ კოორდინაციაში, როცა ლაპარაკია ისეთ ღირებულებებზე, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ხმის დაცვაა. ეს არის საქართველოს მომავალი. ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის ეს სიძულვილით სავსე დაპირისპირება უნდა ჩავაბაროთ წარსულს, რაც არ ნიშნავს შეთანხმებას ყველაფერზე. დემოკრატია ნიშნავს მათ შორის, უთანხმოებას და კამათს, მაგრამ არა სიძულვილს, არა ადამიანების ხმების უგულებელყოფას. ჩემი ოპონენტის ხმაც არის ფასეული, იმიტომ რომ იმის [ამომრჩევლის] ნებაა.

ის, რომ თბილისში მოხერხდა ოპოზიციის კრიტიკული მასის შეჯერება კანდიდატებზე არის იმის მაგალითი, როგორ გაიზარდა პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოების დაკვეთით. და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამარცხების შემდეგ იქნება ევროპული კოალიცია. არც ერთი ძალის ან ადამიანის ერთპიროვნული მმართველობა არ და ვერ იქნება და ამ ევროპულ კოალიციას შევკრავთ ჩვენ აუცილებლად". - თქვა ბოკერიამ.

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მხარი დაუჭირონ ჯაფარიძის და ოქრუაშვილის კანდიდატურებს, ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვავე ოლქში ჰყავთ შეთანხმებული საერთო კანდიდატი:

  • ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);
  • გლდანი - ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • ისანი - გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო);
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები);
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

რაც შეეხება დანარჩენ 22 საარჩევნო ოლქს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებიდან გასვლა და 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ევროპულმა საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა და პარტიას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღეც მისცა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ენმ მათ არ გამოეხმაურა და არც მოწოდება გაითვალისწინა, ევროპულმა საქართველომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები