ბელარუსი

ბელარუსის შეიარაღებული ძალები ლიტვის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

RFE/RL

ბელარუსის შეიარაღებული ძალები 17-21 აგვისტოს ბელარუსის და ლიტვის სასაზღვრო ოსტროვცის რეგიონში არსებულ პოლიგონებზე ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

წვრთნის ფარგლებში ბელარუსის არმიის ქვედანაყოფები საბრძოლო მომზადებასა და საბრძოლო სროლაში ჩაატარებენ გეგმურ სწავლებებს. ასევე დაამუშავებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერების გეგმას.

სარაკეტო ქვედანაყოფები უკვე გაგზავნილია ოსტროვცის რეგიონში და დაწყებულია მორიგეობა სასაზღვრო საჰაერო სივრცის დაცვის ფარგლებში.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში არ წყდება საპროტესტო აქციები. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, დემონსტრაციები ევროპიდანაა მართული. 

15 აგვისტოს ლუკაშენკოს ბრძანებით, სადესანტო დანაყოფი გაიგზავნა ბელარუსის დასავლეთით, გროდნოში, ქალაქში, რომელიც პოლონეთისა და ლიტვის საზღვართანაა ახლოს. 16 აგვისტოს მან განაცხადა, რომ ლიტვა, ლატვია და პოლონეთი აძლიერებენ სამხედრო ძალას ბელარუსის საზღვრებთან. ლუკაშენკოს ბრალდებებს უარყოფს ნატო.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლონეთი ყურადღებით დააკვირდება ბელარუსის საზღვართან მიმდინარე სამხედრო წვრთნებს. 

“არც პოლონეთი და არც სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნები არ გაებმება იმ ინტრიგებში, რომლებსაც ლუკაშენკო ქმნის. ჩვენ, ისევე, როგორც ნატოს წევრი თითოეული ქვეყანა, ვაკვირდებით რა ხდება ბელარუსში და დავაკვირდებით რა ხდება ჩვენს საზღვრებთან. ამ დაკვირვებაში არ ვიქნებით პასიურები.”– განცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

პოლონეთი აქტიურად განიხილავს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირთან და აშშ-სთან ერთად. პოლონური მხარის განცხადებით, სანქციები უნდა დაედოს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრაციების დროს გადამეტებული ძალის გამოყენებაზე და არჩევნების ორგანიზებაზე. ოფიციალური ვარშავა მიიჩნევს, რომ საჭიროა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით ჩატარდეს.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიციის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს

კომენტარები