საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა: ფულადი თანხების უკანონოდ დაუფლებისთვის ნიგერიის 3 მოქალაქე დავაკავეთ

იმედი

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, აშშ-ს მოქალაქისთვის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ნიგერიის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს. 

უწყების ცნობით, ო.ფ.-მ, ფ.ჩ.-მ და ო.მ.-მ სოციალურ ქსელში გამოგონილი მომხმარებლის სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს აშშ-ს მოქალაქე დ.კ.-სთან. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დ.კ. დაარწმუნეს, რომ თითქოსდა მოგებული ჰქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში აპირებდა აშშ-ში დ.კ.-სთან გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით. ნდობის მოპოვების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოჰყვა ავარიაში და მკურნალობის ხარჯების დასაფარად სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ფულადი თანხების საქართველოში გაგზავნა. ამავდროულად, დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული თანხები მას აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობის ტენდერიდან მიღებული თანხებით.

დაზარალებულმა დ.კ. მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ., ფ.ჩ., და ო.მ, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

"შემდგომში დანაშაულებრივი გზით მოგებული ფულადი თანხები მათთვის კანონიერი სახის მიცემისა და ლეგალიზაციის მიზნით ო.ფ.-მ, ფ.ჩ.-მ, და ო.მ.-მ, დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით სწრაფი ფულადი გზავნილების სახით გადარიცხეს თურქეთისა და ნიგერიის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითიც მოახდინეს ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია". – აცხადებს პროკურატურა. 

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს წარედგინათ ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის - ა და მესამე ნაწილის - ბ ქვეპუნქტებით, თაღლითობისთვის და 194-ე მუხლის მეორე - ა და მესამე ნაწილის - გ ქვეპუნქტებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

2020 წლის 14 აგვისტოს მათ შეეფარდათ პატიმრობა.

კომენტარები