კორონავირუსი ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო არჩევნები გადაიდო

ჯასინდა არდერნი
Reuters

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო სექტემბერში დანიშნული საყოველთაო არჩევნები ერთი თვით გადადო.

არდერნმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა დაიჩივლეს, რომ კორონავირუსის გამო წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ატარებდნენ.

ვირუსის შემთხვევების ზრდის გამო კარანტინი კვლავ მოქმედებს ქალაქ ოკლენდში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობს.

არდერნის თქმით, არჩევნები, რომელიც 19 სექტემბერს იყო დანიშნული 17 ოქტომბერს ჩატარდება და ეს საკმარის დროს მისცემს პარტიებს მოემზადონ იმ პირობებისთვის, რაშიც უწევთ კამპანიის ჩატარება. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა პარტიას, მათ შორის მის პარტიასაც ერთნაირ პირობებში უხდება მუშაობა. ქვეყნის კანონმდებლობით არჩევნები 21 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა პრემიერმინისტრმა უფრო მეტად გადავადება გამორიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა. ამჟამად 78 ადამიანს მკურნალობენ. სულ ვირუსი 1 631 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 531, გარდაიცვალა 22 ადამიანი. ბოლო 102 დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, რამაც არდერნის მთავრობის პოპულარობა გაზარდა. ბოლო გამოკითხვებში სწორედ არდერნის ლეიბორისტული პარტია ლიდერობს.

ვირუსის ახალი შემთხვევების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები