კორონავირუსი ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში 17 დღეა Covid-19 აღარ გამოვლენილა, ქვეყნის შიგნით ყველა შეზღუდვას ხსნიან

BBC

ახალი ზელანდია კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ თითქმის ყველა შეზღუდვას ხსნის, რადგან პრემიერმინისტრის, ჯასიდა არდერნის, თქმით, ქვეყანაში ვირუსის აქტიური შემთხვევები აღარ ვლინდება

ადგილობრივი დროით ღამის 12 საათიდან, ქვეყანა შეზღუდვების ყველაზე დაბალ, პირველ საფეხურზე გადავა, რის პირობებშიც, სოციალური დისტანცია საჭირო აღარ იქნება. შეზღუდვები მოიხსნება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებშიც, თუმცა, საზღვრები კვლავ ჩაკეტილი იქნება. 

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ორ კვირაზე მეტია, არ გამოვლენილა. 

პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი ამბობს, რომ ის სიხარულისგან აცეკვდა კიდეც, როცა გაიგო, რომ ქვეყანაში ვირუსის აქტიური შემთხვევები აღარ აღირიცხებოდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა უფრო უსაფრთხო და ძლიერ მდგომარეობაში ვართ, ჯერ კიდევ არ არსებობს მარტივი გზა, რომელიც იმ ვითარებაში დაგვაბრუნებს, სადაც ვირუსის გამოჩენამდე ვიყავით. მართალია, საქმე ჯერ დასრულებული არაა, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა. მადლობა, ახალო ზელანდიავ“, - განაცხადა არდერნმა.

ახალ ზელანდიაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 25 მარტიდან ამოქმედდა. ქვეყანამ შეზღუდვების უმკაცრესი, მეოთხე დონე ეპიდემიის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე შემოიღო, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა ჰქონდათ გამოვლენილი. დახურეს ბიზნესების უმეტესობა, სკოლები. მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებდნენ, სახლში დარჩენილიყვნენ. 

დაახლოებით 5 კვირაში, აპრილის თვეში ქვეყანამ შეზღუდვები მეოთხე დონიდან მესამემდე შეამსუბუქა და საქმიანობა განაახლა ზოგიერთმა ბიზნესმა, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. 

მას შემდეგ, რაც ვირუსის შემთხვევები შემცირდა, მაისის შუა რიცხვებში ქვეყანა შეზღუდვების მეორე დონეზე გადავიდა.

ადგილობრივი მედიების ცნობით, ახალი ზელანდიის მთავრობას შეზღუდვების სრულად მოხსნა 22 ივნისს ჰქონდა განზრახული, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 17 დღის განმავლობაში ახალი ვირუსული შემთხვევა არ გამოვლენილა, ხელისუფლებამ მათი მოხსნა დროზე ადრე გადაწყვიტა. 

კომენტარები