კორონავირუსი ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში კორონავირუსი ორ ბრიტანელს დაუდასტურდა, რომლებიც კარანტინიდან გაუშვეს

ჯასინდა არდერნი
Reuters

ახალ ზელანდიაში კორონავირუსი დაუდასტურდა ბრიტანეთიდან ჩასულ 2 ქალს, რომლებიც კარანტინიდან გაუშვეს, რათა მომაკვდავი ნათესავი მოენახულებინათ.

ისინი ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ კარანტინში მოათავსეს, თუმცა კორონავირუსზე ტესტის ჩატარების გარეშე გაუშვეს, მოგვიანებით კი ვირუსი დაუდასტურათ.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერმა თქვა, რომ ეს მიუტევებელი შეცდომა იყო და აღარ განმეორდებოდა. ამჟამად, ამოწმებენ ყველა ადამიანს, ვისთანაც დაავადებულებს კონტაქტი ჰქონდათ. ასეთი სულ 320 პირია, მათ შორის ისინი, ვინც იმავე თვითმფრინავით მგზავრობდა და შემდგომ მათ სასტუმროში იმყოფებოდა. მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ. დაავადებულები ამ დროისათვის ნათესავთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

პრემიერმინისტრის თქმით, შემთხვევის გამო აუქმებენ გამონაკლისის წესს, რომლითაც ბრიტანელები კარანტინიდან ნაადრევად გაუშვეს, თუმცა ახალი ზელანდიის კორონავირუსისგან თავისუფალი ზონის სტატუსს ეს არ ცვლის:

"ჩვენი განსაზღვრება ყოველთვის მოიაზრებდა, რომ საზღვარზე ახალი შემთხვევები გვექნებოდა". – თქვა არდერნმა.

ახალი ზელანდია კორონავირუსისგან თავისუფალ ზონად ერთი კვირის წინ გამოცხადდა, როდესაც ქვეყანაში ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა. მოიხსნა ვირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა. შეზღუდვები დარჩა მხოლოდ საზღვარზე. სულ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 1 506 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

კომენტარები