ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ გორის მერს დაბადების დღე შენობასთან რუსეთის დროშის დახატვით მიულოცა

გორში ევროპული საქართველოს აქტივისტებმა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს დაბადების დღე მერიის შენობის წინ რუსეთის დროშის დახატვით მიულოცეს. დროშას გვერდით КГБ აწერია. 

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლის, ეთერ ჯალაღანიას განმარტებით, პერფორმანსი გორის მიერ წარსულში გაკეთებულ პრორუსულ განცხადებებს ეძღვნებოდა. 

"ვინაიდან ბატონ კოტე თავზარაშვილს გაძლიერებული ნოსტალგია აწუხებს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიმართ, ჩვენ გადავწყვიტეთ მას რუსული დროშით მივულოცოთ დაბადების დღე. ზუსტად ამ ნოსტალგიის და სიმპათიების დამსახურებაა, რომ მისი სავაჭრო გარიგებები რუსული ორგანიზაციებისთვის ბევრად მომგებიანია, ვიდრე საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მას რუსული პასპორტი ვაჩუქოთ. სიამოვნებით შევუძენდით ბილეთსაც". – ამბობს ეთერ ჯალაღანია.

კონსტანტინე თავზარაშვილს აქციები გასულ წელსაც მოუწყვეს. 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მერი შვებულებაში იყო

კომენტარები