არჩევნები 2020

კობერიძე ვაკეში მაჟორიტარობაზე: შეთანხმების დარღვევა არ არის, რადგან შეთანხმება არ ყოფილა

პარტია ლელოს წევრი ლევან კობერიძე, ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის შესახებ აცხადებს, რომ ეს ოპოზიციის შეთანხმების დარღვევა არ არის, რადგან მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა. 

კობერიძე ფიქრობს, რომ ლელომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ყველა მაჟორიტარულ უბანში კანდიდატები დააყენა. 

"შეთანხმების დარღვევა არ არის, რადგან შეთანხმება არ ყოფილა. ამასთან, ლელო არის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც თავისი ადამიანური რესურსით, თავისი პოლიტიკური შინაარსით და იმ ამბიციით, რომ მას შეუძლია გახდეს ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ის ვალდებულია, რომ ყველა სამაჟორიტარო უბანში ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი".- ამბობს ლევან კობერიძე.

12 აგვისტოს ლელო საქართველომ ვაკის საარჩევნო ოლქში წარადგინა ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლევან კობერიძე. ის პარტიას სამი დღის წინ შეუერთდა.

24 ივნისს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ლეიბორისტული პარტიის მაგიდის ირგვლივ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკებებში იყო ჩართული, თქვა, რომ პარტია 30-ვე საარჩევნო ოლქში ემზადება კანდიდატების დასაყენებლად, თუმცა, შესაძლებელია, რომ გაითვალისწინონ ზოგიერთი კანდიდატი და მათ კონკურენტი არ დაუყენონ. 

ხაზარაძემ მაშინ თქვა, რომ ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად სწორედ ელენე ხოშტარია განიხილება, რომლის მიმართაც სიმპათიითა განწყობილი.

ვაკის ოლქში ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ლელოს მიერ ამავე ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილების მოულოდნელობისა, ლელოს მიმართ მის დამოკიდებულებაზე ეს გავლენას არ მოახდენს.

კომენტარები