ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი პირის ინფიცირების წყარო ლენჯერია.

ეზუგბაიას ცნობით, დანარჩენი ორი შემთხვევა შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია. მეხუთე პირის ინფიცირების წყარო კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში არსებულ კოვიდცენტრებში ვირუსულ ინფექციაზე 198 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 პირის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ხოლო 17 პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

13 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19 დაუდასტურდა სულ 1 283 პირს, აქედან 1 068 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

კომენტარები