ქართული ოცნება

ადვოკატის თქმით, მედიის მიერ მკოიანის კადრების ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა

ქართული ოცნების დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატის, ტარიელ მურმანაშვილის თქმით, მედიის მიერ კადრების ჩვენება, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების წევრი მოქალაქეს თავის თანამზრახველებთან ერთად გადატენილი იარაღით მისდევს, ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა.

"ის იცავდა თავს, ამაზე ყველანაირი პოლიტიკური შანტაჟი, მუქარა, ზეწოლა თუ მანიპულაცია უნდა დასრულდეს. კადრი არის ამოჭრილი და პიროვნება მხოლოდ იარაღით დადის, ეს არის მხოლოდ ერთი ამოჭრილი კადრი, ეს არის ზეწოლა და შეიძლება, მოვიფიქროთ მივმართოთ იმ ტელევიზიებს, რომლებიც მხოლოდ მის კადრს აჩვენებენ იარაღით რომ დადის, რომ ეს მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მცდელობაა." – ამბობს მკოიანის უფლებადამცველი.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ მკოიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

"ეს ადამიანი უკვე დასტრესილია, მისი ოჯახი უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაშია, მეუღლე წამლებს სვამს და მარტო არსად არ უშვებენ ბატონ ენზელს" - თქვა ტარიელ მურმანაშვილმა.

ტარიელ მურმანიშვილმა დღეს, 10 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატს კავკასიური აქცენტის მქონე, ვინმე ვასილი და ვანია შანტაჟის შემცველ შეტყობინებებს რუსულად Facebook Messenger-ით და Whatsapp-ით უგზავნიან, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და 5 მილიონი დოლარის გადარიცხვას სთხოვენ.

ენზელ მკოიანი, რომელიც მმართველ პარტიას 2020 წლის არჩევნებზე ახალქალაქში უნდა წარედგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების წევრი მოქალაქეს იარაღით მისდევს, აღარ წარადგინა და სამველ მანუკიანით ჩაანაცვლა.

ენზელ მკოიანის სახელსა და გვარს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეც. ბოლო გახმაურებული ამბავი კი 26 მარტს მოხდა, როდესაც ახალქალაქში მკოიანი და პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ესროდნენ.

კომენტარები