რუსული ოკუპაცია

ბაქრაძე: ოცნება მზადაა ტვირთი მოხსნას რუსეთს და ბრალის ნაწილი ქართულ მხარეს გადმოიტანოს

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აგვისტოს ომზე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი განცხადება მედვედევისგან სრულიად ბუნებრივია, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ გასცა ბრძანება საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესახებ:

"ის არის ადამიანი, ვის ხელებზეც არის ომის დროს დაღვრილი სისხლი და ათიათასობით დევნილი საქართველოში. ის არის ადამიანი, რომელიც იმალებოდა პუტინის ზურგს უკან და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ იქ გადაწყვეტილების მიმღები იყო რეალურად პუტინი, მაგრამ მედვედევი არის პრეზიდენტი, რომელმაც გასცა ძალის გამოყენების ბრძანება საქართველოს წინააღმდეგ, ამიტომ მისი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის სრულიად ბუნებრივი, ეს ემსახურება საკუთარი თავის მართლებას, საკუთარი თავის გადარჩენას და რუსეთის იმ იმპერიული პოლიტიკის გამართლებას, რომელმაც მოიტანა უამრავი უბედურება საქართველოშიც, უკრაინაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშიც".

როგორც ბაქრაძე ამბობს, მედვედევის მხრიდან ასეთი განცხადებები ნამდვილად არ უკვირს, მაგრამ მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა, როდესაც საქართველოს შიგნით, ბრალის გადმოტანა მაშინდელ ხელისუფლებაზე ხდება.

"აგრესიაზე პასუხისმგებელი მთლიანად არის რუსეთი, პასუხისმგებლობის ტვირთი და სიმძიმე მთლიანად არის რუსეთის მხარეს და ამიტომ, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ ტვირთს მოაცილებს რუსეთს და გადმოიტანს ქართულ მხარეს, არ ემსახურება და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამიტომ, ვწუხვარ, რომ ქართული ოცნება, საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის ოპონენტების დასაზიანებლად წავიდეს იმაზეც, რომ ტვირთი და პასუხისმგებლობა მოუხსნას რუსეთს, გაუმარტივოს რუსეთს თავის მართლება საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ბრალის ნაწილი გადმოიტანოს ქართულ მხარეს. ქართული მხარის ბრალი არაფერში არ არის. ჩვენ ვართ ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ტერიტორიაზე, პასუხისმგებელი აგრესიაზე მთლიანად არის რუსეთი და ვიმეორებ, არ მიკვირს რუსეთის ხელისუფლებისგან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს დააბრალოს და თვითონ გამართლდეს, მაგრამ ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მონაწილეობდეს იმ პროცესში, როდესაც ხდება საქართველოს მხარეზე ბრალის გადმოტანა და ამითი რუსეთის გამართლება და მათთვის საქმის გაადვილება საერთაშორისო პარტნიორების წინაშე." – თქვა დავით ბაქრაძემ. 

-------

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

სამხედრო კონფრონტაცია რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ვითარება კოდორის ხეობის გარშემო აპრილიდან დაიძაბა. მოსკოვმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყო. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კი ქართული უპილოტო მზვერავი აპარატი ჩამოაგდო. ამას სარკინიგზო ჯარების შემოყვანა მოჰყვა, რომლებმაც სოხუმიდან ოჩამჩირემდე ლიანდაგის აღდგენის ინტენსიური სამუშაოები დაიწყეს. მათი დასრულებისთანავე, ივლისის ბოლოდან ამ რკინიგზით აფხაზეთში სამხედრო ეშელონები დაიძრა.

ამასთანავე, რუსეთის დუმაში უკვე 2008 წლის გაზაფხულზე შევიდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების კანონპროექტი. ივლისში რუსეთმა საქართველოს საზღვრებთან დიდი სამხედრო მანევრები - კავკაზ 2008 ჩაატარა. წვრთნების შემდეგ სამხედრო ნაწილები  საქართველოს საზღვრებთან რჩებოდნენ. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ ღია კონფლიქტის დაწყების წინ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

სიტუაცია ცხინვალის გარშემო ივლისის ბოლოდან დაიძაბა. 2 აგვისტოს ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს. ამის შემდეგ ორმხრივი სროლები გახშირდა, ქართული სოფლები რეგულარულად იბომბებოდა ცხინვალის მხრიდან. ბევრი ადამიანი დაშავდა. 6 აგვისტოს სოფელ ავნევთან ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.

სწორედ ამ დროს რუსეთმა, მასშტაბური სამხედრო წვრთნების შემდეგ, სამხედრო ნაწილების საქართველოს საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია დაიწყო. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

საპასუხო ცეცხლის გახსნა 7 აგვისტოს, ღამით მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართული მხარის მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ოსურმა და რუსულმა ფორმირებებმა დაბომბვა კიდევ უფრო გააძლიერეს.

ქართული ქვედანაყოფები ცხინვალში შევიდნენ. თუმცა, მალევე კონფლიქტში რუსეთი უკვე ღიად ჩაერია. რუსულმა ავიაციამ ქართული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო, ცხინვალისკენ რუსული სახმელეთო ძალები დაიძრა. 11 აგვისტოს ქართულმა ჯარმა თბილისისკენ, უკან დაიხია. კონფლიქტი სარკოზი-მედვედევის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა, რომელსაც რუსეთი დღემდე არ ასრულებს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.

კომენტარები