ტურიზმი

პრემიერი: თბილისიდან გერმანიაში სტუდენტებისთვის ჩარტერული რეისი 11 აგვისტოს შესრულდება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 11 აგვისტოს თბილისიდან გერმანიაში სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი დაინიშნება. პრემიერმა სტუდენტური ჯგუფების ორგანიზება განათლების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს დაავალა.

"ასევე, იყო რამდენიმე თხოვნა უნგრეთში მცხოვრები და განათლების მისაღებად მყოფი ჩვენი ახალგაზრდების. დავაიდენტიფიციროთ იქ რა რაოდენობაა და თუ საჭირო გახდა, იქაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომლის ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი". – თქვა გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ - თუ "ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს", კვირაში ორჯერ შეასრულებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მხოლოდ 10 დღის წინ, 19 ივლისს ამბობდა, რომ "როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია". 28 ივლისს კი განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, "საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას".

კომენტარები