ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი: რეგიონებში კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება

droa.ge

პოლიტიკური გუნდის ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ მის გუნდს რეგიონებში კანდიდატები აუცილებლად ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"სხვა ოლქებს რაც შეეხება, თბილისში ვფიქრობთ, თუ სად შეიძლება, კანდიდატურა დავაყენოთ. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება. შესაძლოა, 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში არა, მაგრამ ნამდვილად გვეყოლება", – თქვა ელისაშვილმა.

დღეს, 4 აგვისტოს, პოლიტიკური გუნდის ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები პრეზენტაციაზე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ის საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობა ალეკო ელისაშვილმა ივნისის დასაწყისში, საერთო მაჟორიტარებზე მსჯელობის დროს დატოვა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად მოქალაქეები დააფუძნა.

ამის შემდეგ ელისაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს და, განსაკუთრებით, ევროპულ საქართველოს აქტიურად შეუტია, რის შემდეგაც, ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ელისაშვილმა ერთობა იმის გამო დატოვა, რომ თბილისში 8 მაჟორიტარულ ოლქში ორ ადგილს ითხოვდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ელისაშვილმა ეს დაადასტურა.

კომენტარები