ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი: პარტია მოქალაქეების სახელით ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი

ალეკო ელისაშვილი/Facebook Screenshot

პოლიტიკური გუნდის ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები პრეზენტაციაზე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ის საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.

"მინდა, ჩემს უბნელებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს საბურთალოელებს კიდევ ერთხელ ვთხოვო, კიდევ ერთხელ მსურს თქვენი თანადგომა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც თბილისში 2014 წელს მოხდა, როდესაც მე საბურთალოელებმა როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს და დამოუკიდებელ პოლიტიკოსს მხარი დამიჭირეს. დიახაც, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლისა და პარტია მოქალაქეების სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამას აქვს სწორედ ეშხი, ამ გამარჯვებას ექნება ეშხი, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენთან ერთად 2014 წლის შედეგს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას. დიდი მადლობა, ჩვენი გუნდის წევრებს წარმოგიდგენთ, მანამდე კი ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო," – განაცხადა ელისაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობა ალეკო ელისაშვილმა ივნისის დასაწყისში, საერთო მაჟორიტარებზე მსჯელობის პარალელურად დატოვა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად მოქალაქეები დააფუძნა. 

ამის შემდეგ ელისაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს და, განსაკუთრებით, ევროპულ საქართველოს აქტიურად შეუტია, რის შემდეგაც, ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ელისაშვილმა ერთობა იმის გამო დატოვა, რომ თბილისში 8 მაჟორიტარულ ოლქში ორ ადგილს ითხოვდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ელისაშვილმა ეს დაადასტურა. 

კომენტარები