ქურდი მელა

ვაკეში ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ქურდი მელა დაიჭირეს

ვახტანგ ლომჯარია

თბილისში, ვაკეში, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ქურდობისთვის მელა დაიჭირეს. ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ Facebook-ზე დაწერა.

"ეს "არამზადა" გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი.

ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა?

-ვინ არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
-სად არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.

უკვე ოჯახის წევრების ნერვული სისტემა, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობა ჩიხში რომ შევიდა, ცალ-ცალი ფეხსაცმლით სიარულიც მოდად აქციეს და ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, ყალთაბანდიც "გაიფაქტა". ეს ოინბაზი კი დაატუსაღეს, მაგრამ თანამზრახველიც ჰყოლია და იმასაც მალე მივუსვამთ გვერდით" - წერს ლომჯარია.

რამდენიმე დღის წინ ფეხსაცმელების "ქურდი" მელა ბერლინშიც დააკავეს.

კომენტარები