კორონავირუსი საქართველოში

პენიტენციური სამსახური: ბრალდებულ პირს ცხელების კლინიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადაიბარეს, covid 19 დაუდასტურდა.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 28 ივლისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებული დ.წ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან პირველ აგვისტოს 03:12 სთ-ზე ჩაიბარეს და დადგენილი წესის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე, 2020 წლის 1-ლ აგვისტოს 04:00 სთ-ზე ბრალდებულის PCR ტესტის ჩაუტარეს. ამავე დღეს, 09:40 სთ-ზე ესკორტის ოფიცრების ცვლა შეიცვალა და ბრალდებული ესკორტის სხვა სამმა ოფიცერმა გადაიბარა.

პირველ აგვისტოს 16: 30 სთ-ზე მიიღეს ბრალდებულისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი, რომლითაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი.

"აღსანიშნავია, რომ ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი (და მათი ოჯახის წევრები), რომლებმაც ბრალდებული პირველ აგვისტოს ღამით პოლიციის თანამშრომლებისგან ჩაიბარეს, თვითიზოლაციაში გადავიდნენ . უახლოეს საათებში მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი 21 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ტესტირების გავლის და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს.

ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფებიან, ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ (რაც უახლოეს პერიოდში მოხდება) გაივლიან ტესტირებას და გადავლენ თვითიზოლაციაში, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებენ.

როგორც ზემოთ ითქვა, ესკორტის ოფიცრებმა ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადმოიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია".- აცხადებენ უწყებაში. 

კომენტარები