აშშ-საქართველო

გახარია რაჭაში: მაცადეთ, ჩემი მოქალაქეები არიან კონგრესმენებზე მნიშვნელოვნები

"მაცადეთ ერთი წუთით, ჩემთვის ახლა ჩემი მოქალაქეები არიან გაცილებით მნიშვნელოვნები, ვიდრე კონგრესმენები, მაცადეთ" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ამერიკელი კონგრესმენების მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილ წერილს ეხებოდა.

"სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, ხალხი, სტიქიაა და, მადლობა ღმერთს, გადავრჩით" - თქვა პრემიერმა რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში. 

მოგვიანებით, გიორგი გახარიამ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს "უაზრო" და "გამოგონილი" უწოდა.

"პირველ რიგში, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის ძალიან სხვადასხვა, მაგალითად, გუშინ მე მივიღე შესანიშნავი წერილი ერთ-ერთი კონგრესმენის, ჯო ვულსონისგან, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატებები. ამიტომ იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და მე, რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი.

გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და უაღრესად მომავალზე ორიენტირებული, მისი ძირითადი აქცენტები იყო, რამდენად ფასეულია, როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში, უსაფრთხოების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, მათ შორის, ბიზნესის და ეკონომიკის სფეროებში. ეს არის რეალობა, ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდგომ, რაც ეს ქვეყანა, თქვენ, ჩვენ, ყველანი ერთად, ღირსეულ და ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ.

სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები რომ ცდილობენ, ქვეყანა დააზიანონ, "ოცნება" და მთავრობა კი არა, ქვეყანა, ეს არის სამწუხარო, ამიტომ, ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე, როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში არაფერი არ ემუქრება. მაგრამ, როდესაც ადამიანები, მათ შორის, ამერიკელები ზოგ შემთხვევაში, თავიანთ ვალდებულებს ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ უნდა ვუდგებოდეთ ქვეყანას.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტო ჩემთვის, მთავრობისთვის ან მმართველი პარტიისთვის არა, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას რისკი არ უნდა შევუქმნათ, განსაკუთრებით, რაღაც გამოგონილი შეკითხვებით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა, ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და როცა მოკლევადიანი საარჩევნო კონიუნქტურული პოლიტიკური ინტერესებიდან რაღაც უაზრო კითხვებს სვამთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამით შეიძლება, ხშირ შემთხვევაში ქვეყანა დავაზიანოთ", - თქვა გახარიამ.

წერილი, რომლითაც ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართეს, 27 ივლისით არის დათარიღებული. მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციაზე შეშფოთებას გამოხატავენ. მათი შეფასებით, "მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის".

კომენტარები