გიორგი რურუას საქმე

მშვენიერაძე: საშიში ხელისუფლებაა, რომელიც ოპონენტებს ციხეში მოგონილი ბრალდებებით კეტავს

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვანახვა, როგორი არის ჩვენი სასამართლო. წლების წინ, იმ 9 წელში, ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა, სასამართლოზე ზეწოლა კი არ ხდება, არამედ თავად მოსამართლეებს აქვთ ქვეწოლაო. დღეს ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მტკიცებულება მიემატა ათასობით მსგავსს.

დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ შეუძლია ჩვენს პოლიციას ადამიანის დანაშაულის გარეშე დაკავება, ხოლო პროკურატურას - პოლიტიკური საქმეების უნიჭოდ და უსინდისოდ "კერვა".

გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი. მისი დაკავება მოხდა შეთითხნილი ბრალდებით, რომლის გადაფარვასაც სახელისუფლებო PR, მის შორეულ წარსულზე აპელირებით ცდილობდა. ამას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ და ყველა ფარისეველია, ვინც დღეს იმაზე საუბრობს რა მოხდა 92 წელს, და არა იმაზე, რომ აგერ, გუშინ, ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპონენტს იარაღი ჩაუდო და ციხეში გამოკეტა.

და აქვე, გიორგი რურუას ყველაფერი რომ ჩაედინა, რასაც მის სახელს წარსულში მიაწერენ, ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს გაცილებით საშიში ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში მოგონილი ბრალდებებით კეტავს.

დაწერა იურისტმა, ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ ფეისბუქზე. მთავარი არხის თანამფლობელს, გიორგი რურუას, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები