თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე სერგეენკოზე: მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ "ოცნების" ყველა წევრის საქმიანობა მომწონს

"ჩემი მხარდაჭერის გამოხატულება ქართული ოცნების მიმართ არ ნიშნავს, რომ მხარს ვუჭერ და მომწონს მისი, უკლებლივ, ყველა წევრის საქმიანობა". – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოსთან მიწერილ წერილს, განმარტავს. 

მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფო განადგურების პირას არის მიყვანილი. 

"მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ რა მდგომარეობაშია ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დაწესებულება". – ამბობს ცერცვაძე. 

კითხვაზე, რატომ აირჩია მან წინასაარჩევნო პერიოდი სერგეენკოს გასაკრიტიკებლად, როცა ის საბურთალოს მაჟორიტარ ოლქში იყრის კენჭს, ცერცვაძე პასუხობს, რომ "ამ რიტორიკით ბატონ სერგეენკოს მიმართავდა მთელი 7 წლის მანძილზე".

"ახლა ვიგრძენით ეს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ პრაქტიკულად მუშაობას ვერ ვაგრძელებთ... პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით ვიგრძენი პრობლემა". – აღნიშნა მან. 

თენგიზ ცერცვაძემ დავით სერგეენკოს წერილით 27 ივლისს მიმართა. 

ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს Facebook გვერდის საშუალებით დავით სერგეენკოს განცხადებას გამოეხმაურა, რომ მინისტრს მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გაფუჭება კი – ბევრის. და სთხოვს, დააკონკრეტოს რა გაუფუჭა და რა გაუკეთა მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. 

"ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა "ეროსტრატეს" სახელით". – წერს ცერცვაძე. 

დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად დავით სერგეენკო ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია, რომლის სხვა კანდიდატებთან ერთად წარდგენას, თენგიზ ცერცვაძეც ესწრებოდა.

კომენტარები