იაგო კაჭკაჭიშვილი

კაჭკაჭიშვილი: მას შემდეგ, რაც შარვაშიძე პლაგიატში ვამხილე, ჩემზე შურისძიების სერია დაიწყო

სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან რექტორი გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების სერია დაიწყო.

კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავად ის დაადანაშაულა თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ სხვისი ნაშრომის მითვისებაში.

სოციოლოგის თქმით, სწორედ შარვაშიძის შურისძიების ნაწილია ის, რომ მისი ბრძანებით ეთიკის კომისია შეიქმნა, რომელსაც მისი 2001 წელს დაცული სადოქტორო დისერტაციის შესწავლა დაევალა. კომისია კი წლის დასაწყიში შესული საჩივრის საფუძველზე შეიქმნა. მომჩივანი დათო ნადირაძეა, რომელიც, როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც დოქტორის ხარისხის მქონეა და არც თსუ-ის თანამშრომელი.

"სამაგიეროდ, იყო (შეიძლება, ახლაც არის) გია შარვაშიძის მეუღლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მასთან (ოჯახთან) დაახლოებული პირი. ანუ, რბილად რომ ვთქვათ, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები". – ამბობს სოციოლოგი.

კაჭკაჭიშვილისავე თქმით, კომისიის მიერ დადგენილი დარღვევა აბსურდულია.

"ეთიკის კომისიამ თითქმის ოთხი (!) თვე იმუშავა და რამდენიმე დღის წინ დაწერა დასკვნა, სადაც წერია, რომ „იაგო კაჭკაჭიშვილს უფიქსირდება მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევა“.

ახლა, ვნახოთ, რაში მდგომარეობს ამ ბრალდების არსი:

2001 წლის იანვარში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და ამავე წელს დაიბეჭდა ჩემი წიგნი „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც არის დამხმარე სახელმძღვანელო მაგისტრანტებისთვის. ანუ, ჩემივე დისერტაცია წიგნად გამოვეცი, თუმცა, დამხმარე სახელმძღვანელოსთვის დამახასიათებელი მოდიფიკაციით, რაც გამოიხატა თავების შეჯამებით, დავალებების აღწერით და ა.შ. ცვლილების მიუხედავად, ბუნებრივია, წიგნმა გაიმეორა დისერტაციის არსებითი ნაწილი (85%). კომისიამ ჩათვალა, რომ ეს არის ავტოპლაგიატი, რადგან წიგნში არ მაქვს მითითებული, რომ ის ჩემივე დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი (თუმცა, დისერტაციაში შავით თეთრზე წერია, რომ ის შეიძლება გამოადგეთ მაგისტრანტებს და დოქტორანტებს სწავლის პროცესში, რაც ასეც ხდება უკვე, თითქმის, 20 წელია). 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არც ერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და არც მე მომსვლია თავში, წიგნში ჩამეწერა, რომ ის დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი. დღემდე ავტოპლაგიატის საკითხი საკმაოდ სადებატოა და ერთ-ერთი განმარტების თანახმად, თუ გამოუქვეყნებელი ნაშრომის გამოქვეყნება ხდება, ეს არ შეიძლება, შესაბამისი მითითების გარეშე, ჩაითვალოს გადაცდომად (მოგეხსენებათ, დისერტაცია ხელნაწერის უფლებით სარგებლობს და ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტად არ ითვლება). ხვდებით ხომ ვითარების აბსურდულობას? რექტორმა სხვისი დაწერილი ნაშრომი პირწმინდად მიითვისა და პლაგიატი არ ჩამიდენიაო, ამტკიცებს და მე ჩემივე დისერტაციის გამოქვეყნება მეთვლება მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებად.

ეთიკის კომისიის დასკვნაში წერია, რომ დისერტაცია შეიცავს კომპილაციის ნიშნებს, ანუ სხვა ავტორთა მოსაზრებების შეჯერებას. აქაც სრულ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე: ვინ არიან ეს „სხვა ავტორები“? მაქს ვებერი, ტალკოტ პარსონსი, ჯორჯ მიდი, ჰერბერტ ბლუმერი, ენტონი გიდენსი და ა.შ., რომლებიც სოციალური მოქმედების თეორიების კლასიკოსები და თანამედროვე ავტორები არიან. ჩემი დისერტაცია („სოციალური მოქმედების თეორიები“) შესრულებული იყო თეორიული სოციოლოგიის სფეროში და როგორ შემეძლო ზემოაღნიშნულ მეცნიერთა თეორიების განხილვის გარეშე დამეწერა ნაშრომი? ანუ, კომისია ჩემგან ითხოვს, რომ მე თავად უნდა ვყოფილიყავი სოციალური მოქმედების ორიგინალური თეორიის შემქმნელი? და ესეც რომ ყოფილიყო, სხვა თეორიები არ უნდა განმეხილა? ჩემი დისერტაცია მონოგრაფიაა იმ თვალაზრისით, რომ საქართველოში პირველად მოვუყარე თავი და კრიტიკულად განვიხილე თეორიები და ავტორები, რომელთა შესახებაც, ჩემამდე საქართველოში ერთი წინადადებაც არ დაწერილა, არათუ დისერტაციის, არამედ, სამეცნიერო სტატიის სახით. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ედუარდ კოდუამ (რომელიც ქართული სოციოლოგიის მეტრი იყო), ჩემს ნაშრომს უწოდა – ახალი სიტყვა საქართველოს სოციალურ მეცნიერებებში და ეს თავის რეცენზიაშიც ჩაწერა. სწორედ ამ ნაშრომის საფუძველზე, 35 წლის ასაკში, გავხდი სოციოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი საქართველოში.

აი, ამ ორი თითიდან გამოწოვილი ბრალდების გამო, კომისიამ ჩათვალა, რომ მე მეცნიერულად არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი. აქვს ახლა ამას სხვა სახელი, „ანგარიშსწორების“ გარდა?

კიდევ ერთი: ეთიკის კომისია, ჩვეულებრივ, ატარებს ინტერვიუებს როგორც მომჩივანთან, ისე ბრალდებულთან. მუშაობის, თითქმის, 4 თვის მანძილზე კომისიას ჩემთან ინტერვიუ არ ჩაუტარებია". – წერს კაჭკაჭიშვილი.

მისივე თქმით, ეთიკის კომისიის ზოგიერთმა წევრმა "მონანიებისმაგვარი მესიჯები მისწერა, რომ იკვეთება მათზე ზეწოლა".

"ეს მესიჯები შენახული მაქვს და მათი გასაჯაროების დროც დადგება". – ამბობს სოციოლოგი.

2020 წლის იანვარში კაჭკაჭიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია. თავად უნივერსიტეტმა პლაგიატის ფაქტი უარყო.

ტაბულა თსუ-სთან დაკავშირებას ცდილობს. უნივერსიტეტის მოსაზრებას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

კომენტარები