ბოკო ჰარამი

ბოკო ჰარამის წევრებმა ნიგერიაში 5 მძევალი მოკლეს

CNN

ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფების, ბოკო ჰარამის წევრებმა მოკლეს ხუთი მძევალი, სხვადასხვა ჰუმანიტარული სააგენტოების ოთხი მუშაკი და ერთი დაცვის თანამშრომელი. ინფორმაცია CNN-ს გაეროს წარმომადგენელმა მიაწოდა.

მოკლულთა ჯგუფი გასულ თვეს ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მგზავრობისას გაიტაცეს. გაერო ივნისიდან მოყოლებული მუშაობდა მძევალთა გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. 

ნიგერიაში გაეროს სააგენტოს კოორდინატორის, ედვარდ კალონის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართული მუშაკები გახშირებული თავდასხმების სამიზნე ხდებიან. 

International Rescue Comittee-მ, რომლის ერთ-ერთი თანამშრომელიც მოკლულთა შორისაა, ინციდენტი “ბარბაროსულ აქტად” შეაფასა და ბოკო ჰარამს ოჯახებისთვის მოკლულთა ცხედრების გადაცემისკენ მოუწოდა. 

შემთხვევას ასევე გამოეხმაურა ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი. მან მოკლულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი შეიარაღებული მებრძოლებისგან დაცალოს.

ბოკო ჰარამის წევრები და ჯიჰადისტი დაჯგუფებები ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში წლებია იტაცებენ და კლავენ ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართულ მუშაკებს.

2018 წელს ბოკო ჰარამის წევრებმა წითელი ჯვრის ორი ექთანი დასაჯეს სიკვდილით. 

2019 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger-ის ინფორმაციით შეიარაღებულმა ჯგუფმა ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართული ხუთი მუშაკი გაიტაცა, რამდენიმე თვე მძევლად ჰყავდა და შემდეგ მოკლა.

კომენტარები