აშშ-ჩინეთი

ჩინეთმა ჰიუსტონში საკონსულოს დახურვის პასუხად აშშ-ს ჩენდუში მდებარე საკონსულო დაუხურა

GETTY IMAGES

ჩინეთმა აშშ-ს უბრძანა, დახუროს ქალაქ ჩენდუში მდებარე საკონსულო. ეს პასუხია აშშ-ს მიერ ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვაზე. ჩინეთში ამბობენ, რომ ეს საჭირო და შესაფერისი პასუხი იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება.

ჩენდუში აშშ-ს საკონსულო 1985 წელს გაიხსნა და ამჟამად 200-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. მას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ტიბეტთან სიახლოვის გამო.

ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვის მიზეზად აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ინტელექტუალური საკუთრების და ამერიკელების პირადი ინფორმაციის დაცვა დაასახელა. მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტური პარტია არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ ევროპულ ინტელექტუალურ საკუთრებასაც იპარავს, რაც მათ ასობით ათასი სამუშაო ადგილის ფასად უჯდებათ.

ჰიუსტონის გარდა ჩინეთს აშშ-ს კიდევ ოთხ ქალაქში აქვს საკონსულო, ხოლო დედაქალაქ ვაშინგტონში - საელჩო.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი პასუხად ვუჰანში მდებარე აშშ-ს საკონსულოს დახურვას გეგმავდა, თუმცა ვუჰანიდან საკონსულოს ამერიკელი თანამშრომლები და მათი ოჯახები კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ გაიწვიეს.

კომენტარები