კიმ კარდაშიანმა კანიე ვესტის ბიპოლარული აშლილობის შესახებ პირველად ისაუბრა

Getty Images

კიმ კარდაშიანმა თავისი ქმრის და ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე ვესტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ Instagram-ზე პოსტი დაწერა.

ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავი წერს, რომ კანიე ვესტს ბიპოლარული აშლილობა აქვს და მისი გაგება ბევრს უჭირს.

"როგორც უკვე ბევრმა თქვენგანმა იცის, კანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს. ვისაც ეს გამოგიცდიათ, ან თქვენს საყვარელ ადამიანს ჰქონია, იცით, რა ძნელი და მტკივნეულია ამის გაგება.

არასდროს მითქვამს საჯაროდ, რა გავლენას ახდენს კანიეს დიაგნოზი ჩვენზე, რადგან მის პირად სივრცესა და ბავშვებს ვუფრთხილდები. თუმცა, ვგრძნობ რომ ამაზე უნდა ვილაპარაკო, ფსიქიკური ჯანმრთელობის გარშემო წარმოშობილი სტიგმების გამო". - წერს კარდაშიანი.

პოსტში კიმ კარდაშიანმა იმ სირთულეების შესახებაც ილაპარაკა, რის გადატანაც კანიე ვესტს მოუხდა და ამის მაგალითად 2007 წელს დედამისის გარდაცვალება მოიყვანა.

"მესმის, რომ კანიე საჯარო პირია და ამის გამო კრიტიკის ობიექტი ხდება. ის საოცარი, მაგრამ რთული ადამიანია და, პირველ რიგში, არის არტისტი და შავკანიანი ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დედის გარდაცვალება და გადააქვს ბიპოლარული აშლილობისგან გამოწვეული პრობლემები". - წერს კარდაშიანი.

CNN-ის წყაროს ინფორმაციით, კანიე ვესტის მეგობრები და ოჯახის წევრები შეშფოთებულები არიან მისი მდგომარეობით და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მან ის მკურნალობა ჩაიტაროს, რაც სჭირდება. გამოცემა ასევე წერს, რომ არტისტი ექიმებმაც ნახეს და გადაწყვიტეს, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

კანიე ვესტმა 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, Twitter-ზე დაწერა, რომ 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

მან რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კაროლინაში ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა გამართა. სწორედ ამ დღის შემდეგ გადაწყვიტა კიმ კარდაშიანმა, რომ თავისი ქმრის შესახებ პოსტის დაეწერა.

კომენტარები