აშშ-ჩინეთი

პომპეო: იმედი გვაქვს, შევქმნით კოალიციას, რომელსაც ჩინეთიდან მომავალი საფრთხე ესმის

მაიკ პომპეო და ბორის ჯონსონი
Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის შექმნა სურთ. მან ჩინეთი საკუთარი ინტერესების გასატარებლად კორონავირუსის პანდემიის გამოყენებაში დაადანაშაულა.

პომპეომ თქვა, რომ ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არალეგალურ მოქმედებს, აშინებს ჰიმალაის მთების მოსაზღვრედ მდებარე ქვეყნებს, ცდილობს დამალოს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია და პანდემიას საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევქმნის კოალიციას, რომელსაც ესმის საფრთხე და იმუშავებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დასარწმუნებლად, რომ ასეთი ქმედებები მათ საუკეთესო ინტერესებში არ არის. ჩვენ გვსურს დავინახოთ, რომ ყველა ქვეყანას, რომელსაც ესმის დემოკრატია და თავისუფლება, ასევე ესმის ჩინეთის კომუნიტური პარტიიდან მომავალი საფრთხე". – უთხრა მან ჟურნალისტებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დომინიკ რააბთან შეხვედრის შემდეგ.

პომპეო ოფიციალური ვიზიტით ლონდონში გუშინ, 21 ივლისს ჩავიდა და პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა. შეხვედრაზე მათ, სწორედ, ჰონგ-კონგში ჩინეთის ქმედებები და სინძიანის პროვინციაში ეთნიკურად უიღურების საკითხი განიხილეს.

პომპეომ, ჯონსონი შეაქო დიდი ბრიტანეთის 5G ტექნოლოგიის ქსელიდან ჩინური კომპანიის, Huawei-ს გამოთიშვის გამო და თქვა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდებოდა ხელში.

გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეცვალა გადაწყვეტილება, Huawei-სთვის 5G ქსელის შექმნაში მონაწილეობის უფლების მიცემაზე.

ბრიტანეთში განაცხადეს, რომ მიზეზი აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებია. აშშ ბრიტანეთს დაემუქრა, რომ, თუ ჩინური კომპანია მაღალი სიჩქარის ინტერენეტის ქსელის შექმნაში ჩაერთვებოდა, ის უსაფრთხოების საკითხების გამო ბრიტანეთთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეთანხმებას გაწყვეტდა.

კომენტარები