პარკირება თბილისში

თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება

დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება.

  • ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება - 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული სივრცეები მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის არის გამოყოფილი;
  • ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე ჯარიმა ამ შემთხვევაშიც, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი გახდება
  • პარკირების ადგილებზე, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების (სამეწარმეო საქმიანობის) მიზნით, დღემდე მოქმედი 10 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში -  200 ლარით;
  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება სამ თვეზე მეტი ვადით - 50 ლარით დაჯარიმდება; 

კალაძის თქმით, ამკრძალავი ნიშნის - "გაჩერება აკრძალულია" ან "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანონ. 

"პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომლის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ეს არის სისტემა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე იყენებს. პარკირებასთან დაკავშირებულ დარვევებზეც ანალოგიური მეთოდი იქნება გამოყენებული. რაც ყველაზე მთავარია, თუ პირი, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას ათ კალენდარულ დღეში გადაიხდის, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება". – ამბობს კალაძე. 

კომენტარები