პარკირება თბილისში

დღეიდან პარკირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია გააკონტროლებს

დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს სითი პარკის ნაცვლად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კომპანია მზად არის ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს. მისივე თქმით, უკვე გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები პარკირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

„შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი, ასევე, ცაბაძის ქუჩაზე ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან. პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შესაძლებელი იქნება სწრაფი გადახდის აპარატების ან ბანკის მეშვეობით. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან ყველანაირი ტექნიკით, რაც სჭირდებათ თავიანთი საქმიანობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად გამართული იქნება პროცესი, რომელსაც კომპანია წარმართავს“, - თქვა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას პარკირებისა და მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი წესების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარკირების შემოსავლები სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას მოხმარდება.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულება დღეიდან შეწყვიტა. კახა კალაძე ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად იმას ასახელებს, რომ კომპანია მასზე დაკისრებული მოვალეობებს არ ასრულებდა.

კომენტარები