არჩევნები 2020

თალაკვაძე: განვამტკიცოთ ურთიერთნდობა, მომავალზე ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა

რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზადაა არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.

ამ წლების განმავლობაში თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ერთად, ჩვენ ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება. შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვამტკიცოთ ურთიერთნდობა და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს.

კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის უფრო ღირსეული პირობები უზრუნველვყოთ, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. საქართველო და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოჯორში, ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენისას.

კომენტარები